
ჟურნალისტი _ ადამიანი, რომელსაც სამყაროს მაჯისცემაზე უდევს ხელი; მუდამ დროის თანამდევი საათის ისარი; ინსტრუმენტი საზოგადოების ხელში, რითაც ეს საზოგადოება მართავს საკუთარ თავს...
ჟურნალისტური ეთიკა _ მუდამ ჭიდილში მყოფი მიზნები, სურვილები, პრინციპები თუ სამართლიანობა...
მასმედია არის ისეთი სოციალური ინსტიტუტი, რომელიც უკავშირდება საზოგადოებას, სახელმწიფო დაწესებულებებს, სხვა სოციალურ ინსტიტუტებს და ცალკეულ ინდივიდებს. ის საყოველთაოა და, ფაქტობრივად, მოიცავს საზოგადოებრივი ცხოვრების ყველა სფეროს. შესაბამისად, არ შიძლება ყოველგვარი თავისუფალი აზრის გამოთქმა. ამან შეიძლება ზიანი მოუტანოს სახელმწიფოს, შებღალოს ადამიანის პიროვნული ღირსება, იმოქმედოს საზოგადოების ფსიქიკაზე და ბოლოს, შესაძლოა, ეს აზრი, სულაც არ აღმოჩნდეს ჭეშმარიტი. ხშირად პროფესიონალიზმი სწორედ ეთიკური გადაწყვეტილებების მიღებას ნიშნავს და პირიქით.
სიტყვა ეთიკა ბერძნული ,,ეთოსი”- დან მოდის. ის აღწერს რამდენად კარგია პიროვნება და რამდენად დადებით საქმიანობას ეწევა.
როგორი უნდა იყოს ეთიკური ჟურნალისტი? _ ეს კითხვა რამდენიმე ადამიანს დავუსვი. ადამიანებს, რომლებიც ძირითადად სახლში სხედან და ჟურნალისტების მეშვეობით იღებენ ინფორმაციას. ადამიანებს, რომელთაც არავითარი შეხება არა აქვთ ჟურნალისტთა პროფესიული ეთიკის წესებთან.
_ ჟურნალისტმა არ უნდა იცრუოს.
_ ხალხის ნდობა არ უნდა დაკარგოს.
_ გამოთქმული შეხედულებები არ უნდა ამახინჯებდეს რეალურ სურათს.
_ ჟურნალისტთა პოზიცია პატიოსანი და დასაბუთებული უნდა იყოს.
_ საზოგადოების ინტერესს უნდა იცავდეს.
_ პატივი უნდა სცეს და არ დაანგრიოს ადამიანის პირადი ცხოვრება.
_ ფრთხილად უნდა იყოს არასრულწლოვანებთან.
როგორც ჩანს, ამ ჩვეულებრივ ადამიანებს საკმაოდ მართებული აზრი აქვთ იმის შესახებ თუ როგორი უნდა იყოს ეთიკური ჟურნალისტი. მიუხედავად იმისა, რომ თანდათანობით შეიქმნა გარკვეული წარმოდგენა როგორც ჟურნალისტიკაში, ისე ჩვეულებრივ საზოგადოებაში, ეთიკის წესები ბოლომდე განუსაზღვრელია, ურთიერთგამომრიცხავი და წინააღმდეგობებით სავსე. სიმართლის დამალვა არაეთიკურია, თუმცა არც ისაა ეთიკური, თუ ეს სიმართლე საზოგადოებას ერთგვარად დააზარალებს.
,,როგორ მივიღო გადაწყვეტილება?” ,,რა მოვიმოქმედო?” _ ამ კითხვებს ალბათ არაერთი ჟურნალისტი უსვამს საკუთარ თავს, თანაც იმაზე ხშირად, ვიდრე ჩვენ გვგონია. ,,როგორ მოვიქცე?”_ უკვე მერამდენედ ეკითხება თავს სასოწარკვეთილი, პასუხი კი არსადაა...
მან იცის, რომ უნდა თქვას სიმართლე, იყოს მიუკერძოებელი, ობიექტური, შეასრულოს დანაპირები, დაიცვას წყარო, არ აიღოს ქრთამი, არ შეუშინდეს მუქარას... იცის, რომ პატივი უნდა სცეს მოქალაქის პირად ცხოვრებას, აუცილებლად დააზუსტოს და გადაამოწმოს მოწოდებული ინფორმაცია, იყოს სამართლიანი, ერიდოს ცალმხრივ ან შეურაცმყოფელ რეპორტაჟებს (სტატიებს), დაიცვას ადამიანები... იცის ,,ყველაზე კარგი” (როგორ მიაღწიოს საუკეთესო შედეგებს ადამიანთა უმრავლესობისთვის), ,,უნივერსალური კანონი” (მოექცეს ყველას თანაბრად) და ,,ოქროს წესი” (მოექცეს სხვებს ისე, როგოც თავად სურს რომ მოექცნენ)... მაგრამ არ იცის, როგორ მოიქცეს ამ კონკრეტულ სიტუაციაში. სურს არსებობდეს კონკრეტული კანონი, რომლის მიხედვითაც მოიქცეოდა. მსოფლიოში კი ჯერაც არ შემუშავებულა პროფესიული ეთიკის ისეთი კოდექსი, რომელსაც ერთნაირად მიიღებდა და აღიარებდა ყველა ქვეყანა და ყველა ჟურნალისტი. რომელიც მოერგებოდა ყოველგვარ სიტუაციას და საკმარისი იქნებოდა ყველა ძირითადი პრინციპისა და მორალური კრიტერიუმებისთვის.
მან იცის, რომ არ უნდა უღალატოს პროფესიულ სტანდარტებს, მაგრამ ისიც იცის, რომ ვერაფრით უღალატებს მორალურ პრინციპებს. გაორებული ჟურნალისტი უკვე მეათასედ ცვლის გადაწყვეტილებას და, ბოლოს, მისი სისრულეში მოყვანის შემდეგ მაინც იღებს შეფასებას, რომელსაც ასე გამალებით გაურბოდა.
_ არაეთიკურად მოიქცა...
