
ხალხო, გამიგეთ! მისმინეთ, შემინდეთ, მაპატიეთ, ოღონდ ნუ დამძრახავთ! ნუ გამკიცხავთ! ნუ იტყვით ჩემზე იმას, რაც არასოდეს გამიკეთებია, არ ჩამიდენია და რასაც არასოდეს ჩავიდენ...
ცხოვრება მასკარადია, რომლისთვისაც განსაკუთრებული ნიღაბი უნდა მოირგო, რათა შეგიშვან. ცხოვრება თამაშია, რომელშიც გარკვეული წესებია და უნდა დაიცვა რომ არ გავარდე. ცხოვრება დიდი შოუა, რომელიც უფრო და უფრო საინტერესო უნდა გახადო! ცხოვრება სპეკტაკლია, რომელშიც ისე უნდა ითამაშო, რომ ყველას თავი დაამახსოვრო!
ცხოვრება ოცნებაა, ცხოვრება ნატვრაა, ცხოვრება სიზმარია და, უბრალოდ, ცხოვრება ცხოვრებაა... ნიავი ზღვის ტალღებს აკვანს ურწევს, მთვარე ვარსკვლავებს ზღაპარს უყვება, ვიღაცა ტირის, ვიღაც იცინის, ვიღაცას კი ვიღაც უკვდება... ზამთარი, თოვლი, დღე, სინათლე... - ეს ყოველივე ხომ სამყაროს საქორწინო კაბას უკერავს, მაშინ როდესაც ღამე, სიბნელე და ბოროტება სამგლოვიარო ძაძებს კემსავენ.
მოდი გავიქცეთ, მოდი გავფრინდეთ, მოდი გავერიდოთ!.. რას? ვის? უბედურებას? ან იქნებ ბედნიერებასაც! მოდი გავიქცეთ, მოდი, გავფრინდეთ, მოდი შევეგებოთ! რას? ვის? ბედნიერებას? ან იქნებ უბედურებასაც? მოდი გავჩერდეთ! დავნებდეთ! მივენდოთ! რას? ვის? ბედნიერებას თუ უბედურებას? ცხოვრებას! ცხოვრებას? მასკარადს? შოუს? სპეკტაკლს? არასოდეს! მარიონეტები ხომ არ ვართ!
მოდი ვეძებოთ! ვეძებოთ სად? ბედნიერებაში თუ უბედურებაში? ლხინში თუ ჭირში? სიმართლეში თუ ტყუილში? ერთგულებაში თუ ღალატში? სიმდიდრეში თუ სიღარიბეში? ცუდში თუ კარგში? ვეძებოთ ყველგან, ყველაში და ყველაფერში...
მოდი ვიპოვოთ! რა? ის. ერთადერთი, განუმეორებელი, უბედურიც და ბედნიერიც. ვიპოვოთ სიყვარული ხალხო!
მისმინეთ, შემინდეთ, მაპატიეთ, ოღონდ ნუ დამძრახავთ, ნუ გამკიცხავთ! ნუ იტყვით ჩემზე იმას, რაც არასოდეს გამიკეთებია, ჩამიდენია და რასაც არასოდეს ჩავიდენ... უბრალოდ, გამიგეთ, ხალხო!
Комментариев нет:
Отправить комментарий