вторник, 13 мая 2008 г.

ქუჩური გარჩევები

სად, როგორ, როდის და რატომ ხდება ქუჩური გარჩევები? ყველგან და ყოველთვის: სკოლაში, უბანში, სასწავლებელში... დღისით, ღამით, ყოველ ნაბიჯზე. მიზეზი მრავალია: ფული, გოგო, ღირსება, შურისძიება... ხშირად სერიოზული მიზეზის არსებობაც არაა საჭირო. უბრალოდ, სიტყვა სიტყვას მოყვება და... ახალგაზრდული მეამბოხე სული კი არც ისე იოლად გაპატიებს უაზროდ წამოროშილს. არც შენ წაიღებ უკან შენს სიტყვებს, დარწმუნებულიც რომ იყო მათ სიმცდარეში. არც შენ უღალატებ შენს ვაჟკაცობას. არც შენ ჩამორჩები მოწინააღმდეგეს. ბოლომდე იბრძოლებ შენი კაცობის დასაცავად, მაგრამ კაცობის დაცვა ხშირად ძვირად უჯდება ორივე მხარეს. ქუჩა სასტიკია, სისხლისმსმელი და შეუბრალებელი. ის უსამართლოა. აბა, რა გამართლება შეიძლება მოვუძებნოთ სიტყვებს: ,,ქუჩური გარჩევის დროს მეზობელი მომიკლეს”. მოუკლეს მეგობარს მეგობარი, დას_ძმა, დედას_შვილი... აქ ხომ ყოველგვარ სამართალს გზა ეკეტება? რჩება მხოლოდ სიბრალული... არავინ კითხულობს ვინ იყო დამნაშავე? მოკლული თუ მკვლელი? ახალმა დანაშაულმა ძველის კვალი წაშალა... დამნაშავე მკვლელია. ეს კი ახალი დანაშაულის ჩადენის საბაბი ხდება. მიზნად დასახული შურისძიება: ,,როგორ! ძმაკაცის სიკვდილს შევარჩენთ?” და სამრთლიან უსამართლობათა კვანძი, რომლის გამოხსნაც ალბათ შეუძლებელია.
_ რატომ მიდის საქმე მკვლელობამდე? ხომ შეიძლება ყველაფერი იარაღის გარეშეც მოგვარდეს?
ამ კითხვაზე პასუხი მეგობარმა გამცა.
_ შეიძლება, თუმცა ხშირად მაინც სხვაგვარად ხდება. პირადი გამოცდილებიდან გიამბობ ამბავს. ერთხელ მე, ჩემი კლასელი ოთო და გოგოები სკოლიდან ვბრუნდებოდით. გვერდით მანქანამ ჩაგვიარა. შეგვაგინა, რატომ გვერძე არ გაიწევითო. მანქანაში ჩვენზე დიდი ბიჭები ისხდნენ. ჩვენ ვუსაყვედურეთ გოგოებთან გინების გამო. მანქანა გააჩერეს, გადმოვიდნენ, თქვენ ვინ ხართ ჭკუას რომ გვარიგებთო. გოგოებმა დაძაბულობა იგრძნეს და ერთ-ერთი წინ გადაგვეღობა. ბიჭმა კი მას ხელი ჰკრა და წააქცია, შენ რაღას ეტენებიო? ამაზე მე და ოთომ ვეღარ მოვითმინეთ. გოგოს შეურაცხყოფას ხომ ვერ ვაპატიებდით? გაიმართა ხელჩართული ბრძოლა. ჩვენ ვერეოდით, მაგრამ მოულოდნელად ოთოს მოწინააღმდეგეს დანა დავუნახე. ზურგში ჩაცემას უპირებდა. ოთოს ვუყვირე, რომ გაფრთხილებოდა. ახლა უკვე დანას ორივე ჩასჭიდებოდა და მთელი ძალით უპირატესობის მოპოვებას ცდილობდა. მე მეორეს ვურტყამდი და მის შეკავებას ვცდილობდი. სულ რაღაც წამებში საშინელება დატრიალდა. გვერდზე მივიხედე და დავინახე თუ როგორ გამეტებით ურტყამდა დანას ოთო თავის მოწინააღმდეგეს. ერთხელ, ორჯერ, სამჯერ... რას შვები, ოთო? _ ვუყვირე. ოთო თითქოს შეშლილიყო, ვერაფერს ხედავდა. ბოლოს გონს მოეგო, გაოგნებულმა შემომხედა, ღობეს გადაახტა და გაქრა. მას მერე აღარ მინახავს. იმალება. დაზარალებული სასწაულებრივ გადაურჩა სიკვდილს, მისი ორი წლის პატარა კი დაობლებას. საავადმყოფოშივე იმუქრებოდა არ ვაცოცხლებო. ოთო მკვლელი არაა. ის თავს იცავდა. ძნელია თქმა, რატომ არ იკმარა დანის ერთხელ ჩარტყმა. ის ბოროტი არაა, მაგრამ იმ მომენტში დანამ გააბოროტა.
შეიძლებოდა ყველაფერი უიარაღოდ მოგვარებულიყო, შეიძლებოდა ოთოს უმნიშვნელო ჭრილობა მიეყენებინა მოწინააღმდეგისთვის რათა უბრალოდ თავი დაეცვა და ამით დაემთავრებინა, მაგრამ ყველაფერი სხვაგვარად მოხდა. რატომ? ამ კითხვაზე პასუხი ალბათ არც თავად ოთოს აქვს.

Комментариев нет: