,,ხოლო მწიგნობრებმა და ფარისევლებმა მოიყვანეს ქალი, რომელიც მრუშობისას შეეპყროთ, შუაში დააყენეს და უთხრეს იესოს: ,,მოძღვარო, ეს ქალი მრუშობისას შევიპყარით, მოსემ კი რჯულში გვამცნო ამნაირების ჩაქოლვა. შენ რაღას იტყვი?” ხოლო ამას საცდუნებლად ეუბნებოდნენ, რათა ბრალი დაედოთ მისთვის, მაგრამ იესო, დაბლა დახრილი, თითით რაღაცას წერდა მიწაზე და რაკი დაჟინებით ეკითხებოდნენ, წამოიმართა და უთხრა მათ: ,,ვინც უცოდველია თქვენ შორის, პირველად იმან ესროლოს ქვა.” და კვლავ დაიხარა და წერდა მიწაზე. ხოლო ისინი ამ სიტყვების გაგონებისას, უხუცესიდან დაწყებული, სათითაოდ გაიკრიფნენ და დარჩა მარტო იესო, და კიდევ ქალი, შუაში. წამოიმართა იესო და რაკი ქალის გარდა ვერავის მოჰკრა თვალი, უთხრა მას: ,,ქალო, სად არიან შენი ბრალმდებელნი? არავინ განგსაჯა შენ?” ხოლო მან თქვა: ,,არავინ უფალო”. და უთხრა იესომ მას: ,,არც მე განგსჯი. წადი და ამიერიდან ნუღარ სცოდავ.”
სახარება იოანესი. თავი 8 3-11
ხალხი თუ ბრბო? კოლექტიური გააზრებული მოქმედება თუ უმართავი ტალღა? უსამართლო სამართალი თუ სამართლიანი უსამართლობა? ხალხი... ბრბო... სამართლის ძიებაში დაკარგული განსჯის უნარი და ფატალური შედეგები...
მაინც როგორია ბრბოს ზვირთებში გათქვეფილი ადამიანი? რატომ ემორჩილება ის მხოლოდ ერთ აზრს, ერთ ფიქრს, ერთ სიტყვას... ჩავაქვავოთ! მოვკლათ! ჩამოვახრჩოთ! ლინჩის წესით გავასამართლოთ... რა ხდება მაშინ, როცა მსხვერპლს ყველა გზა ჩაკეტილი აქვს? რა ხდება მაშინ, როცა ყველა გზა ჩაკეტილი აქვს თავად ბრბოსაც? სად არის გამოსავალი? სად არის ხსნა? ნუთუ არსად? ნუთუ არსადაა გაწყვეტილი ემოციურად დამუხტული წრე?
,, _ დედას ვუტირებთ, ვინც უკან დაიწევს და ხალხს უღალატებს! დედას ვუტირებთ!” _ ამგვარი შეძახილით გამოწვეული შიში, ხელში შეჩეჩებული ,,ეშმაკის ქვა” და შენც იმათი ხარ! შენც ბრბოს ეკუთვნი! ან იქნებ შენც ეთანხმები აზრს, რომ მსხვერპლი უნდა დაისაჯოს? გულწრფელად გჯერა, რომ მსხვერპლი დამნაშავეა და გაუცნობიერებლად თავადაც ხდები დამნაშავე... უდანაშაულო დამნაშავე... მერე კი სინანული აღარ გასვენებს. გამუდმებით ჩადენილზე ფიქრობ და უძილო ღამეებს ათენებ... სიმართლისთვის თვალის გასწორების გეშინია. რატომ? იქნებ შენ არ უნდა განგესაჯა? იქნებ არც შენ ხარ უცოდველი? იქნებ... და პასუხი არსადაა. ან არის და თვალს არიდებ. გეშინია! თავს იმართლებ, რომ კონტროლიდან გამოხვედი, იმპულსურად მოქმედებდი და არ იცოდი რას აკეთებდი... შეგაცდინეს! ან თავად შეცდი...
,, _ ერთი ქვა ვესროლე... მხოლოდ ერთი... ისიც ეშმაკმა მასროლინა... მე არ მისროლია, არა... არა!...”
გქონდა კი უფლება ასე მოქცეულიყავი?
რატომაა რომ ამდენი უბედურება დაგატყდა თავს? იქნებ დანაშაული, რომელსაც შენ სამართალს უწოდებდი, უპატიებელია? ასე რამ შეგცვალა? რატომ გახდი წამიერად გულქვა და უმოწყალო? სად წავიდა ყველა სიკეთე და სითბო? რატომ? მთელი ცხოვრება რატომ დაემორჩილა იმ ერთ წამს? იქნებ იმიტომ რომ ადამიანი ხარ? იქნებ იმიტომ, რომ როგორც ყველა, შენც ცოდველი ხარ? შენც შეცდი... პატიებას ითხოვ... კი არ ითხოვ, ევედრები! ევედრები ყველას, ადამიანს, ხალხს, ღმერთს! ევედრები, რომ შეგინდონ, მაგრამ... გახსენდება, რომ თავად ვერ შეძელი მიტევება. ისიც ხომ შეცდა, შენ კი არ შეუნდე... განა მისი დანაშაული შენსაზე მძიმე იყო? განა იყო უფრო უპატიებელი? შენ ხომ სიცოცხლის ხელყოფაში გედება ბრალი! შენს სულში დახურული სასამართლო იმართება. ბრალმდებელიც შენ ხარ, ბრალდებულიც, ვექილიც და მოსამართლეც. პატიება არაა! არის მხოლოდ განაჩენი... მწარე განაჩენი, რომელიც ტვირთად უნდა ატარო მთელი დარჩენილი ცხოვრება. იქამდე, სანამ არ გაიმართება ,,უზენაესი სასამართლო”, რომლისაც სიკვდილზე მეტად გეშინია... გეშინია, მაგრამ ამ გაუსაძლის შიშთან ერთად იმედის ნაპერწკალიც ბჟუტავს შენს ჩაბნელებულ გულში... იქნებ შეგინდონ?... იქნებ შეგინდონ?... იქ მაინც...
1 комментарий:
ძალიან საინტერესო და დღევანდელი დღისათვის, გარკვეულწილად, საჭირო თემა აგირჩევია განსახილველად. რა თქმა უნდა, ამის გავრცობა შეიძლება და, იმედი მაქვს, ასეც მოიქცევი. წარმატებები :)
Отправить комментарий